თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო ვაკისა და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად 150 ათასამდე აბონენტს შეუწყდა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" განცხადებაში.
თბილისის ცენტრალური უბნების მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა.
„500 მმ- იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე სრულად მობილიზებულია „თბილისი ენერჯის" შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული გაზსადენის აღდგენის სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.
„გთხოვთ, ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
„თბილისი ენერჯი" შექმნილი დისკომფორტის გამო აბონენტებს ბოდიშს უხდის.