თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ალექსანდრე თოფურიამ სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი მებრძოლი კოლბი თიქნესი დაამარცხა და UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო.
ორთაბრძოლა UFC 312 Qudos Bank Arena-ზე, სიდნეის ოლიმპიურ პარკში გაიმართა. ამ ბრძოლისთვის მზადებისას ალექსანდრე თოფურიას ჩემპიონები - ძმა ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი და გურამ ქუთათელაძე ეხმარებოდნენ.
29 წლის თოფურიამ ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სამივე რაუნდი მოუგო - პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და თოფურია კრივით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა.
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, ოქტაგონზე გასვლისას ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება. ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენება ან დამტკიცება მსურდა, უბრალოდ მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ - ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩემი პრინციპებისთვის“, - განაცხადა თოფურიამ ბრძოლის შემდეგ.
ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის, ილია თოფურიას უფროსი ძმისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მოგებული ბრძოლაა. ჯამში, ალექსანდრე თოფურიას 6 მოგება და ერთი მარცხი აქვს. ავსტრალიელისთვის კი ეს კარიერაში პირველ მარცხი გახლდათ, აქამდე მან 7-ჯერ მოიგო.
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.