თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირი უნდა იყოს სამართლიანი საქართველოს მიმართ და უფრო მეტად იზრუნოს მის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები 2024 წელს გაუარესდა, საქართველო მიღებული გადაწყვეტილებების გამო სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღებს.
„ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და უფრო მეტად იზრუნონ ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე, აქ საუბარია, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ევროკავშირში სახეზეა სერიოზული პოლიტიკური კრიზისი.
„ასეთი დამოკიდებულებით ევროკავშირი მიდის არასწორი მიმართულებით. ამ ყველაფრის შედეგია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ევროკავშირში და ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც შექმნილია დღეს ევროკავშირში, ტენდენციები არის ძალიან უარყოფითი“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიზანს საქართველოსთვის სწორედ ეკონომიკური პრობლემები წარმოადგენს.
„რევოლუციას რომ ვეღარ აწყობენ, ეს ყველამ კარგად დაინახა. აბსოლუტურად ყველა ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ იქნებ ცოტა ეკონომიკური ზრდა შეაფერხონ და ა.შ. რა თქმა უნდა, ამასაც ვერ დავუშვებთ. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ადამიანები არიან შეშფოთებული იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ ამ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხება, სიძულვილის გაღვივება, ეს არის გამაოგნებელი და როცა ამას აკეთებენ ევროკავშირის ბიუროკრატიის უმაღლესი წარმომადგენლები, ეს არის კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელი“, - განაცხადა პრემიერმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გაავრცელეს განცხადება საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების შესახებ კანონმდებლობა გაამკაცრა.
მათი აზრით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ასახავს სერიოზულ რეგრესს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის მიმართ. მათ ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, შეაჩერონ ეს ზომები, თავი შეიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან და დაელოდონ ეუთო/ოდირის დასკვნას.
ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები და უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.
შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.