თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკულმა ოპერატორებმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საწარმო Green Energy Corridor Power Company – GECO POWER COMPANY-ის რეგისტრაციის პროცესი ბუქარესტსა და რუმინეთში წარმატებით დასრულდა.
დამფუძნებელი კომპანიები არიან: აზერბაიჯანული „აზერენერჯი“, ქართული „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, უნგრული MVM Energy Private Limited Company და რუმინული National Power Grid Company Transelectrica S.A. ერთობლივი საწარმო თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და, შესაბამისად, ყველა ჩართული მხარე თანაბრად მიიღებს მონაწილეობას კომპანიის მართვაში.
უწყების ცნობით, ერთობლივი საწარმო ამ ეტაპზე „მწვანე ენერგიის" კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული. შესაბამისად, მისი შექმნის მიზანს წარმოადგენს „მწვანე ენერგიის" დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც, მათ შორის, ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას.
სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებითა და „მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაციის მიზნით აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2023 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც გაიწერა ერთობლივი საწარმოს შექმნის ზოგადი პრინციპები.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდას, ენერგორესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას, განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციას და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ენერგეტიკულ მიქსში.
იგი ასევე აერთიანებს რეგიონულ ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გენერირება კონკურენტულ ფასებში განახლებადი წყაროებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შეტანილია ENTSO-E ქსელის განვითარების 2024-2034 წლების ათწლიან გეგმაში, ხოლო 2024 წლის ნოემბერში პროექტი წარედგინა ევროკომისიას საერთო ინტერესის პროექტის სტატუსის მისაღებად, რადგან ეს არის ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტი ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ხელს უწყობს ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის მიზნების შესრულებას.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად - განხორციელებადი, აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
წყალქვეშა ძალოვანი კაბელის სიგრძე იქნება 1.155 კმ-ზე მეტი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა – 525 კვ, ხოლო სიმძლავრე – 1.300 მგვტ. პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში.
წყალქვეშა ძალოვანი კაბელის მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი.