„თბილისი მოლთან" აქციის მონაწილეები იკრიბებიან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისის შემოსასვლელთან აქციის მონაწილეები, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
2 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ავტომაგისტრალების, მათ შორის თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას დააანონსეს - ადგილზე იკრიბებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები.
ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, სამართალდამცავები სავალი გზის ორივე მხარეს არიან განლაგებული.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.