საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზია ორმა კომპანიამ მოიპოვა

პირველ ეტაპზე გამარჯვეული კომპანიები არსებულ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ მონაცემებს დაამუშავებენ და მოამზადებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო ტენდერის შედეგების თანახმად, საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების უფლება ორმა კომპანიამ - ქართულმა და ინდურმა - მიიღო, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.
მეათე და მეშვიდე B სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლებაზე გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერი 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარდა.
ეკონომიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მეათე სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ West Galf Petroleum engineering Company Ltd. - მეათე სალიცენზიო ბლოკი (4336 კვადრატული კილომეტრი) თიანეთის, საგარეჯოს, ახმეტის, თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებს მოიცავს.
მეშვიდე B სალიცენზიო ბლოკზე (1 175 კვადრატული მეტრი) გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია Hinddustan Silichem Private Limited (HSPL), რომელიც Astron Zircon ჯგუფს მიეკუთვნება.
მეშვიდე B სალიცენზიო ბლოკი ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სააგენტოს მხრიდან მოეთხოვა წარმოედგინათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საბანკო გარანტიები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კომპანიების მიერ ხელმოწერის ბონუსის გადახდა. კომპანიებმა დადგენილ ვადაში წარმოადგინეს დოკუმენტაცია და საბანკო გარანტია, რაც სააგენტოს საშუალებას აძლევს დაიწყოს მოლაპარაკებები პროდუქციის წილობრივი ხელშეკრულების გასაფორმებლად.
პირველ ეტაპზე გამარჯვეული კომპანიები არსებულ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ მონაცემებს დაამუშავებენ და მოამზადებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვებამ 38,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.