თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მოვუწოდებთ ყველას, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და არ დაუშვან დანაშაულის ჩადენა, რადგან ყველა კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა იქნება ადეკვატური, როგორც შეეფერება ღირსეულ ქვეყანას, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
2 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ავტომაგისტრალების, მათ შორის თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას გეგმავენ. ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები „თბილისი მოლთან" იკრიბებიან.
გორდულაძის თქმით, სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება დანაშაულია.
„კანონში ცალსახად წერია, რომ სტრატეგიული, მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება დანაშაულია და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პროტესტის გამოხატვა თუ უნდათ, გამოხატონ მშვიდობიან გარემოში. ამავდროულად, არც კი დაუშვან, გულშიც არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, რადგან ეს მკაცრად ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა დეპუტატმა.
„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.