თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტსტო აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები - ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე დააკავეს, იუწყება ქართული მედია.
2 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ავტომაგისტრალების, მათ შორის თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას დააანონსეს - ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ მხარდამჭერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა შეკრება 16:00 საათიდან დაიწყეს.
სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს ავტომაგისტრალის მთლიანად დაკავება და ტრანსპორტისთვის გადაადგილების შეზღუდვა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც, ამ დროისთვის, მსვლელობა, რომელიც საავტომობილო გზის ნაწილზე მიმდინარეობდა, შეჩერებულია.
მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდა, რომ არ გადასულიყვნენ გზის იმ ნაწილზე, სადაც ავტომობილები გადაადგილდებიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია სულ მცირე ოთხი ადამიანი.
დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.