თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. უბედური შემთხვევა, რომელსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა მოხდა არა რიყის პარკში, არამედ ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
25 იანვარს რიყეზე მერვეკლასელი ბიჭი დაიღუპა. მედიის ცნობით მოზარდი სავარაუდოდ, წყლით სავსე ჭაში ჩავარდა - ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს. უმძიმესია ეს ყველაფერი, რაც მოხდა. თუმცა, ძალიან სამარცხვინოები არიან კონკრეტული მედიასაშუალებები იმის გამო, რაც იკადრეს. ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს რიყის პარკში, თხრილში მოხდა უბედური შემთხვევა. ამიტომაც არიან ბინძური და სამარცხვინოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, კონკრეტულ მედიასაშუალებებს ყველა უმძიმესი ფაქტის პოლიტიკურად გამოყენება უნდათ.
„რაც შეეხება ამ ტრაგედიას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ეს საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი. სხვა დანარჩენ დეტალზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ოჯახის ტკივილიდან და იმ უბედურებიდან გამომდინარე, რაც მოხდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააკონტროლა აღნიშნული ობიექტი თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კახა კალაძის თქმით, ეს ცდება უწყების კომპეტენციას, რადგან ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს.
„რა უსაფრთხოებაზე საუბრობთ? ეს არის კერძო საკუთრება, დახურული შენობა-ნაგებობაა, სადაც ჯერ არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. როდესაც საკუთარი სახლი გაქვთ დაკეტილი, სადაც არ ცხოვრობთ, იქ მუნიციპალური ინსპექცია ვერ დადგება და ვერ დაიცავს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.