თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 2024 წელს ფოთის პორტში დამუშავდა 545.297კონტეინერი (TEU), იუწყება პორტალი „კომერსანტი" უმსხვილესი საპორტო ოპერატორ „ეიპიემ ტერმინალს ფოთზე“ (APM Terminals Poti) დაყრდნობით.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
გასულ წელს APM Terminal Poti-მა 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74.173 მანქანა.
2022 წელს პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 324 017 TEU შეადგინა, 2023 წელს - 592 589 TEU.
„მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და დამუშავება რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად. ბოლო სამი წლის განმავლობაში ფოთის პორტში სულ 200 ათასზე მეტი ავტომობილი დამუშავდა", - ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.
2022 წელს ფოთის პორტმა დაამუშავა 47.537 სატრანსპორტო საშუალება, 2023 წელს - 80.454, 2024 წელს - 74.173.
წინა წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთების მიღება შემცირდა, თუმცა, სარკინიგზო და საბორნე ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კერძოდ, 2024 წელს გადაზიდულია 157.895 ტონა ტვირთი, მაშინ როცა 2023 წელს გადაზიდვის მოცულობამ 96,434, 2022 წელს კი 98 992 ტონა შეადგინა.
ფოთის პორტი დღეს
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.
ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.