ფიროსმანის ქუჩაზე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერის განცხდებით სამუშაოების შესრულებას 18 თვე დასჭირდება.
Sputnik
თბილისი, 29იანვარი – Sputnik. „თბილისის განვითარების ფონდმა“ ფიროსმანის ქუჩა №29-ში არსებული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
აღნიშნულ შენობაში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმია განთავსებული - კიბის ქვეშ მოწყობილ 6 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში მხატვარმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

„შენობა, რომლის ფასადმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. არქიტექტურული თვალსაზრისით, ნაგებობა ეკლექტიკური სტილის მატარებელია და მხატვრული გამომსახველობითა და პროპორციებით, ქუჩას ორგანულად ერწყმის. შენობა ისტორიული ძეგლია, ამიტომაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განხორციელდება შენობის საძირკვლისა და კედლების აღდგენა-გამაგრება და ასევე ფასადის მოწესრიგება.
„ეზოს შიდა პერიმეტრზე არსებული ამორტიზებული და დაზიანებული ხის დეკორატიული ელემენტებისა და შუშაბანდების პირვანდელი სახით აღდგენა მოხდება. ასევე, იგეგმება კომუნიკაციების, წყლისა და წყალარინების ქსელების, ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძემ სხდომაზე წარმოადგინა შენობა-ნაგებობის ამსახველი ვიზუალური მასალა - გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულებას 18 თვე დასჭირდება.
„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 53 ბენეფიციარს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება “, – განაცხადა კალაძემ.
ნიკო ფიროსმანის მუზეუმი 1960 წელს დაარსდა. მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის – ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახლ-მუზეუმის ფილიალს და ყოფილ საცხოვრებელ ბინას. მუზეუმში დაცულია მხატვრის რამდენიმე სურათის ასლი (ორიგინალები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში და მირზაანის სახლ-მუზეუმში), პირადი ნივთი, ჭურჭელი და სხვა.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.