თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

მიმდინარე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟს ახორციელებს, იუწყება დედაქალაქის მერია.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩის გარკვეულ ნაწილზე 30 იანვრის 00:30-დან 06:00 საათამდე პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, კოსტავას ქ. N27-დან N59-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.