თბილისი, 29 იანვარი– Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა და მას შემდეგ არ შეცვლილა.
„ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობისა და საპროგნოზო სცენარების ანალიზის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა”, -აღნიშნუია ინფორმაციაში.
მარეგულირებლის ცნობით, საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2024 წლის დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1,9%-ით გაიზარდა.
„ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია“, -აღნიშნავენ უწყებაში.
მარეგულირებლის პროგნოზით, 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება.
ეროვნული ბანკის განცხადებით, რისკების მილევასთან ერთად, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ 7%-იან დონემდე ეტაპობრივად ნორმალიზდება.
„თუკი, შემდგომ სხდომაზე, მაკროეკონომიკური მონაცემები რისკების უფრო ინფლაციურ ან დისინფლაციურ რეალიზებას გამოკვეთს, კომიტეტი შესაბამისი სცენარისკენ გადაიხრება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სებ-ი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს იქნება.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 12 მარტს ჩატარდება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 12 მარტს ჩატარდება.