თაღლითობა ტოტალიზატორში: საქართველოში ოთხი პირი ამხილეს

ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700.000 ლარამდე თანხას.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ტოტალიზატორში თაღლითობისთვის ოთხი ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი შიდა ადმინისტრირების პროგრამაში ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა.
ამგვარად, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700.000 ლარამდე თანხას. უკანონოდ მიღებული ფულის გასათეთრებლად კი შეიძინეს ორი ავტომობილი.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ავტომობილები და ფულადი თანხის ნაწილი 52.000 აშშ დოლარის ოდენობით გამოძიების პროცესში ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.