თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ (GCCA) 2024 წელს მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე 890 განცხადება განიხილა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
სააგენტოში შესული ზარების რაოდენობამ გასულ წელს 6.350 შეადგინა. საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა - საჩივრების 70% ქალებზე მოდის, 30% კი მამაკაცებზე.
გასულ წელს GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 102 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 198 საქმეზე.
სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 92 შემთხვევაში 56 მოვაჭრე დაჯარიმდა - ჯამში 60 ათასი ლარით.
გარდა ამისა, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 193 საქმეზე - 163 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
მომხმარებელთა საჩივრების 67% ეხებოდა ონლაინ-შოპინგის, ხოლო 33% - ადგილზე განხორციელებულ შესყიდვებს. რეგიონების მიხედვით თბილისი ლიდერობს 85%-ით, შემდეგ მოდის აჭარა - 4%, იმერეთი - 3% და სხვა რეგიონები.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 317 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე - 253, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე - 147, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე - 47, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 37, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე - 35, ხოლო სხვა დანარჩენზე — 54.
ერთი წლის მონაცემების მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%-s, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.
2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.