არის თუ არა დამოკიდებული საქართველოს საბანკო სისტემა რუბლზე? ეროვნული ბანკის პასუხი

რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების წილი საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების მთლიანი რაოდენობის 0,17%-ია.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოში რუსულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა საქართველოს ფინანსურ სისტემაზე გავლენას ვერ მოახდენს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" საქართველოს ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით რუბლებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 11 თვის განმავლობაში 23%-ით გაიზარდა და ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 104,3 ათასი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, დოლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა ქართულ ვალუტაში რომ გადავიყვანოთ 23,6 მლნ ლარია, ხოლო ევროში - 5,8 მლნ.
„რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობის წილი საბანკო სისტემაში მთლიანი დეპოზიტების 0,17%-ს შეადგენს, შესაბამისად საქართველოს საფინანსო სისტემაზე მას მატერიალური გავლენა არ აქვს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ამასთან, სებ-ში აღნიშნავენ, რომ არანაირი საგამონაკლისო წესი რუბლზე და არც სხვა უცხოურ ვალუტაზე არ არსებობს. უცხოური ვალუტით დარეზერვების 25%-იანი ნორმა ვრცელდება ყველა უცხოურ ვალუტაზე. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განსაზღვრა ხდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ
უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში.