თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველო ჯერ არ შეერთებია რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატს „3+3-ს, მაგრამ ქვეყნისთვის ადგილი რჩება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
„3+3“ ფორმატის შეხვედრების გამართვის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს ეკუთვნის. პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობდნენ. ქართულმა მხარემ დისკუსიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ჩვენს ქართველ მეზობლებს ჯერ არ დაუკავებიათ მათთვის განკუთვნილი სავარძელი, მაგრამ ეს სავარძელი მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივას „3+3“ მექანიზმის შექმნის შესახებ.
ფორმატი ითვალისწინებს რუსეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობას, თუმცა, საქართველო აღნიშნულ ფორმატში რუსული ფაქტორის გამო არ ერთვება.
თავის მხრივ, რუსეთი ამ მექანიზმს ძალიან მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატად მიიჩნევს, სადაც რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობითაა შესაძლებელი.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა. 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.