ლავროვი: არჩევნების შედეგების არაღიარებით დასავლეთი ქართველ ხალხს დასცინის

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ასევე არ ცნობს ექს-პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. დასავლეთი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებითა და ეუთო/ოდირის დასკვნის უგულებელყოფით ქართველ ხალხს დასცინის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ ბრიფინგზე.
როგორც ლავროვმა განაცხადა, საკუთარი სიდიადითა და დაუსჯელობით გაბრუებული დასავლეთი თავს უფლებას აძლევს არჩევნების შედეგებს ვერდიქტი გამოუტანოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგალითად დაასახელა საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში ჩატარებული არჩევნები.
„შეხედეთ, როგორ დასცინიან ქართველ ხალხს, სხვათა შორის, ჩვენ დაგვაბრალეს, რომ იქ რაღაც გავითამაშეთ. ეუთოს დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი დიდი დარღვევა. ეს ფორმულა ნიშნავს, რომ ბიჭებო, ყველაფერი გაკეთდა, ყველაფერი სწორად, ყველაფერი კარგადო. რუმინეთს შეხედეთ - საერთოდ სირცხვილია", - განაცხადა ლავროვმა.
ეუთო/ოდირის მისიის საბოლოო დასკვნის მიხედვით, საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, მაგრამ დაფიქსირდა დარღვევები და შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დომინანტური ფინანსური როლი.
საქართველოს ხელისუფლებამ მისიის ანგარიში არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებად მიიჩნია და განაცხადა, რომ ამით ბოლო მოეღო უთანხმოებებს ამ თემაზე. იმავდროულად, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს იყო ოდირის ყველაზე უარყოფითი ანგარიში ბოლო წლების განმავლობაში.
ექს-პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამაოდ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ საარჩევნო უბნების 2/3-ზე არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ფარულობა - ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ არსებული წრის გასაფერადებლად.
ეუთოს მისიის შემაჯამებელ დასკვნაში ნათქვამია, რომ 24%-ში ფარულობის პრინციპი იყო პოტენციურად დარღვეული - ბიულეტენების ურნაში მოთავსების მეთოდის, საარჩევნო უბნების შეუსაბამო დაგეგმარებისა და ბიულეტენების უკანა მხრიდან მარკერის ხილული კვალის გამო.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილების აღსრულებას 25 ნოემბრიდან შეუდგა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ პარლამენტში დღემდე არ შესულან.
ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ერთი პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“, რომელიც პარლამენტში მმართველი პარტიის სიებით გავიდა.