თბილისი, 11 იანვარი— Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და ის ფრთხილობს, რათა არ მოხდეს სიტუაციის გამწვავება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მათი მთავარი პრიორიტეტია, ხოლო ოპოზიციას და მთელ რიგ საერთაშორისო პოლიტიკოსებს სურთ „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს.
„მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ და ჯერ კიდევ გვყავს თბილისში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა იძულებულია ძალიან ფრთხილად მიუდგეს ბევრ საკითხს, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რამაც შეიძლება ეგზისტენციალური პრობლემები და გამოწვევები შექმნას.
„ჩვენ არ ვართ მარტივ სიტუაციაში, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკის ევროპულ კურსს ინარჩუნებს.
„ჩვენი გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით არ დადგეს დღის წესრიგში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ან არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ არ დავუშვათ ამ თემის გამოყენება შიდა პოლარიზაციისთვის და იმ ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მოქმედებებიც საქართველოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.
„მე ვიტყოდი, რომ, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებას ან საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედარებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ხშირად ვხედავთ მიმდინარე მოვლენების ცალმხრივ შეფასებებს, რაც ქმნის არასწორ წარმოდგენას საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, დასძინა მან.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანა, ვისთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს, საბოლოოდ, დაუბრუნდება მეგობრულ ურთიერთობას და დაველოდებით ამ მომენტს. სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი მთავარი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან ურთიერთობას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთის ქვეყნებმა მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
შტატებმა ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით. ასევე „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ ასზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
მეტიც, შტატებმა დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე „მაგნიცკის სიაში“ შეიყვანეს. აშშ-მა ისინი საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულეს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი საფინანსო დახმარება შეუჩერდა.
მეტიც, ევროკომისიის რეკომენდაციით, დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა ეკრძალებათ.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შსს-ს ხელმძღვანელობის ხუთი წარმომადგენელი - მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და სხვ.
ბრიტანეთმა თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ეს პირები პასუხისმგებელნი არიან „პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე“ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან ამოღებას აპროტესტებენ.
პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა შემოიღეს. მათ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რეპრესიებსა და ძალადობაში დაადანაშაულეს.
საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, თბილისში მიტინგებმა კი მასშტაბური და სისტემატური ხასიათი მიიღო. საპროტესტო ტალღა 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღებს.
აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არც აშშ-ს და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვება არ მიულოცავს. „ოცნებამ“ ევროკავშირის ქვეყნებიდან მილოცვები მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთისგან მიიღო.
საქართველოს ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა როგორც ეუთო/ოდირმა, რომელიც არის არჩევნების შეფასების მსოფლიოში მთავარი ინსტიტუტი, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ უნდა დაისვას.