სვანეთში მიმავალ ტურისტებზე თავდასხმის საქმე - დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდი-მესტიის გზაზე ტურისტებზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ მამაკაცებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, 32 და 38 წლის მამაკაცები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.
მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო მოკლულის ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.