როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში

თვიური ინდექსის კლება ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 2,7%-ით შემცირების ხარჯზე.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის ნოემბერში, მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით, 0,4%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის კლება ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 2,7%-ით შემცირების ხარჯზე.
2024 წლის ნოემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5,5%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 24,8%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.