მსოფლიო დღეს

ძლიერი მიწისძვრა ტიბეტში: დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

6,8 მაგნიტური სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 09:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, ტიბეტის მთიან რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა, იუწყება სააგენტო „სინხუა" ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
ტიბეტში 6,8 მაგნიტური სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 09:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო - სეისმოლოგებმა დააფიქსირეს 49 აფტერშოკი. ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტიბეტის წმინდა ქალაქი შიგაცე დაზარალდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ადამიანებისა და დაშავებულებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.
„ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევისა და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, ტინგრის ოლქში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ტემპერატურა მინუს რვა გრადუსია და დღეს საღამოს მინუს 18-მდე დაეცემა. რეგიონში შეფერხებულია როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის მიწოდება. ჩინეთის საჰაერო ძალებმა დაზარალებულ რაიონში სამაშველო სამუშაოები დაიწყო.
მიწისძვრები ხშირია რეგიონში, რომელიც მთავარ გეოლოგიურ რღვევის ხაზზე მდებარეობს. შიგაცე ტიბეტის ერთ-ერთ უწმინდეს ქალაქად მიიჩნევა. ეს არის ტრადიციული ადგილი ტიბეტური ბუდიზმის მთავარი ფიგურის, პანჩენ ლამასი, რომელიც სულიერი ავტორიტეტით დალაი ლამას შემდეგ მეორეა.