თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ახალი წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა.
„ირაკლი ჩიქოვანმა პირად შემადგენლობას 2025 წლის დადგომა მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ოჯახებსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს.