თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, „სალომე ზურაბიშვილმა დღეს უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის“.
„ეს შენობა სალომე ზურაბიშვილისთვის მემკვიდრეობით არავის გადაუცია, ქართველ ხალხს და მის პრეზიდენტს ეკუთვნის. დღეს, ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება და მან უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ღია რჩევებს და სურვილებს სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, რომ ამა თუ იმ შენობაში გამაგრდნენ. არასერიოზულია ამაზე საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სასახლეში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
ინაუგურაციის ცერემონია, რომელზეც მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება - პრეზიდენტი ფიცს საქართველოს კონსტიტუციის განსაკუთრებულ ეგზემპლარზე დადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.
ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა დღეს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს. როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრება დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.