თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თუ არჩევნები არალეგიტიმური იყო, მაშინ ოპოზიციას იმ დაფინანსებაზე უნდა ეთქვა უარი, რომელიც არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიიღო, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსება მიიღო შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მათგან ხუთი ოპოზიციურია. ცესკოს ინფორმაციით, ამ შვიდი პარტიიდან დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა მხოლოდ გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“. დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა 26 დეკემბერს ამოიწურა.
კახიანის თქმით, ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს თითქოსდა გაყალბებულ არჩევნებზე, თავისი მოქმედებით ისინი აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი უარს არ ამბობენ დაფინანსებაზე, რომელიც მათ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიეკუთვნათ. თუ არჩევნები არალეგიტიმური იყო, მაშინ ის დაფინანსება, რომელიც ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს, ამ დაფინანსებაზეც უარი უნდა ეთქვათ. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ დაფინანსება მიიღო და მათ უკვე ჩაერიცხათ კიდეც ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები.", - განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ადრე ცესკოში განაცხადეს, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების უფლება მოიპოვეს შემდეგმა პარტიებმა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“.
პარტიები, რომლებიც მიიღებენ ხმების 1%-ზე მეტს, იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას 15 ლარის ოდენობით ყოველ ხმაზე პირველი 50.000 ხმის ფარგლებში და 5 ლარს ყოველი მომდევნო ხმისთვის, თუ პარტიამ თავისი პარტიული სიის ნახევარზე მეტი გაიყვანა პარლამენტში. პარტიები კარგავენ დაფინანსებას, თუ მისი დეპუტატების მინიმუმ 50%, რომლებმაც მანდატი მოიპოვეს, სხდომებს არასაპატიო მიზეზით გააცდენს.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.