დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება

ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა დღეს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სასახლეში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
ინაუგურაციის ცერემონია, რომელზეც მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება - პრეზიდენტი ფიცს საქართველოს კონსტიტუციის განსაკუთრებულ ეგზემპლარზე დადებს.
ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და ანსამბლი „მართვე" შეასრულებენ, აღიმართება სახელმწიფო დროშა.
ამის შემდეგ ყაველაშვილი, უკვე როგორც პრეზიდენტი, სიტყვით მიმართავს დამსწრეებს.
ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.
ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა დღეს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს. როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრებას დილის 9 საათზე დაიწყებენ. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.