თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 10 თვის მაჩვენებლების ანალიზის თანახმად, 2024 წელს რეალური მშპ 9%-ს შეადგენს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
2024 წლის იანვარი-ოქტომბერში რეალური მშპ-ის საშუალო მაჩვენებელმა 10% შეადგინა.
„ჩვენ წელსაც გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი ათი თვის მონაცემებით დაფიქსირდა 10%-იანი ზრდა, უახლოეს ხანში გვექნება ნოემბრის და შემდეგ დეკემბრის მონაცემებიც, თუმცა, ეს სურათს ვერ შეცვლის და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია", -განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც არა ნომინალური, არამედ რეალური მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოახერხა ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით არის გამოხატული.
„მომავალი წლის ეკონომიკა კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი - ასე ვგეგმავთ ხოლმე ყოველ წელს, რადგან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორია, რომლებიც შეიძლება რეალიზდეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით. აქედან გამომდინარე, მაკროეკონომიკური პარამეტრები ყოველთვის უფრო კონსერვატიულად იგეგმება", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, 2025 წელს ეკონომიკურ ზრდა დაახლოებით 5,5%-ს მიაღწევს.
„2025 წელს ჩვენ ვფიქრობთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, დაახლოებით 5,5%-ია დაგეგმილი, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწევთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის განცხადებით, ბოლო თვეებში თბილისის გარკვეულ უბნებში არსებული დემონსტრაციების გამო კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებზე პროცესები ნეგატიურად აისახა, თუმცა, მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა.
„ახლაც ვაკეთებთ კვლევას და მთლიანად საქართველოში, მათ შორის ბათუმში, ტურისტული აქტივობა არ შენელებულა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია თუ გასული წლის შესაბამის თვეებთან შევადარებთ. ასევე მაღალია აქტივობა მთის კურორტებზეც", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ტურისტული სექტორი 2025 წელსაც შეინარჩუნებს ზრდას, შეიძლება გარკვეულ თვეებში იყოს გარკვეული რყევები, მაგრამ წლიური პერსპექტივაში დაგეგმილი მაჩვენებლები აუცილებლად მიღწეული იქნება.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.