თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიმართვა ქართული ჯარისადმი მიმართვა, არ დაემორჩილოს ახალ პრეზიდენტს და უარი თქვას ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე, ანტისახელმწიფოებრივია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძე.
ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქართულ ჯარს მიმართა და მოუწოდა არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და უარი თქვან 29 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალია. „ქართულმა ჯარმა მხარი არ უნდა დაუჭიროს არალეგიტიმურ პროცესს“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
„ხაზარაძე რასაც კადრულობს, ეს პირდაპირ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა - როდესაც ადამიანი მსგავს რამეს მოუწოდებს ქართულ ჯარს, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პატივცემულ ინსტიტუტს“, - განაცხადა გორდულაძემ.
დეპუტატმა ხაზარაძის ქმედებას ამორალური უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკოსი რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი ბატონების მითითებებს ასრულებს.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, მოქმედი სახელმწიფო მეთაური სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ უწოდეს იმის საბოლოო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ქვეყანის სათავეში ახლა „არალეგიტიმური ხელისუფლება“ დგას. საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების დაწყებას, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.