თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს არჩევნების აღიარება და პარლამენტში სამუშაოდ დაბრუნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოთხივე ბარიერგადალახული პარტია უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე და მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, რომელთა მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
„რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
არჩევნების შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერმა საქართველომ“ პირდაპირ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო ექს-პრემიერ გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ თავშეკავებული ფორმულირება არჩიეს და განაცხადეს, რომ მსგავს პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
იმავდროულად, გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები, გარდა ამისა ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური დომინირება ასევე შესამჩნევი იყო.
საქართველოს ხელისუფლებამ ეს ანგარიში არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებად მიიჩნია და განაცხადა, რომ ამით ბოლო მოეღო უთანხმოებებს ამ თემაზე. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს იყო ODIHR-ის ყველაზე ნეგატიური ანგარიში ბოლო წლების განმავლობაში.