ლატვიამ საქართველოს სანქცირებულ მოქალაქეთა სია გააფართოვა

ლატვია ბალტიისპირეთის მესამე ქვეყანაა, რომელმაც სანქცირებულთა სია გააფართოვა.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ლატვიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 24-მდე გააფართოვოს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, ვისაც ლატვიაში შესვლა ეკრძალება, განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ.
დეკემბრის დასაწყისში ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს შალვა ბედოიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, იოსებ ჭელიძეს, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თემურ კუპატაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილეებს მილერი ლაგაზაურსა და მირზა კეზევაძეს.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ლატვიაში ფიზიკური პირების შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, - განაცხადა ბრაჟემ.
ამჯერად ბრაჟეს არ დაუკონკრეტებია, ვის შეეხო სანქციები.
ლატვია ბალტიისპირეთის მესამე ქვეყანაა, რომელმაც სანქცირებულთა სია გააფართოვა. დეკემბერში ესტონეთმა დაასანქცირა საქართველოს ხელისუფლების 25 წარმომადგენელი, პრემიერის ჩათვლით. მთავრობის მეთაურის და ხელისუფლების 28 წარმომადგენლის მიმართ სანქციები ლიეტუვამაც დააწესა.