თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. OSCE/ODIHR-ის მისიამ აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, თუმცა დააფიქსირა გარკვეული დარღვევები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება 25 ნოემბერს შეიძინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
„მთლიანობაში ხედავთ, რომ ეუთო-ოდირი აღიარებს არჩევნებს, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს. ეს არის მთავარი. პირველი, ვინც აძლევს ლეგიტიმაციას არჩევნებს, ეს არის ქართველი ხალხი, თქვენ ხედავთ, რომ ქართველი ხალხი აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე დარღვევების კუთხით ეუთომ მხოლოდ „იზოლირებული ინციდენტები“ დააფიქსირა.
„ასევე ეუთო/ოდირს ორივე მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ ანუ საუბარია, მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უბნების 76%-ში, სადაც წარმოებდა დაკვირვება, ეუთო/ოდირმა ვერავითარი ხარვეზი ვერ დაადგინა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.
„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე მოიყვანა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 53,4% ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს.
„კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. კითხვაზე - სამართლიანად, გასცა 45,5%-მა, მცირე დარღვევებით, პასუხი გასცა 7,9%-მა. მთლიანობაში დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 53,4%-მა. პასუხი -მნიშვნელოვანი დარღვევებით, 4,4%, უსამართლოდ - 19,6%ანუ უარყოფითი პასუხი ჯამში გასცა 24%-მა. მიძნელდება პასუხის გაცემა, ასეთი იყო 22,6%-ის პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.
არჩევნების შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერმა საქართველომ“ პირდაპირ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო ექს-პრემიერ გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ თავშეკავებული ფორმულირება არჩიეს და განაცხადეს, რომ მსგავს პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
რა წერია ანგარიშში
ეუთოს მისია, რომელიც აკვირდებოდა წინასაარჩევნო კამპანიას და კენჭისყრის პროცესს, აღნიშნავს, რომ არჩევნებმა „ამომრჩეველს შესთავაზა ფართო არჩევანი 18-კანდიდატიანი სიით, ის ჩატარდა ფესვგადგმული პოლარიზაციის ფონზე, გარემოში, რომელიც დაზიანებული იყო ახლახან მიღებული კანონმდებლობითა და მისი გავლენით, ძირითადი თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი გავლენით“.
ანგარიშის თანახმად, კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა თავად წინასაარჩევნო რიტორიკა სერიოზულ უთანხმოებას იწვევდა.
„ცნობები ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ, კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული კამპანიის დროს. ამან, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან თვალყურის დევნებასთან ერთად, გააჩინა შეშფოთება იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა ზოგიერთი ამომრჩეველი ანგარიშსწორების შიშის გარეშე ხმის მიცემას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
მისია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ბაზა იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ბოლოდროინდელმა ხშირმა ცვლილებებმა უკუსვლა გამოიწვია, რამაც გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკური მიზნებისთვის მისი პოტენციური გამოყენების შესახებ.
ეუთო ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნებისთვის მზადება იყო კარგად ადმინისტრირებული, მათ შორის ამომრჩეველთა ფართო ინფორმირება ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. თუმცაღა, საარჩევნო სუბიექტები არათანაბარი ფინანსური პირობებში ჰქონდათ.
„ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანმა დისბალანსმა და თანამდებობრივმა უპირატესობამ განაპირობა ისედაც არათანაბარი საარჩევნო გარემო. პოლარიზებულმა მედია გარემომ და კერძო საშუალებების პოლიტიკური პროპაგანდისთვის ინსტრუმენტალიზაციამ გავლენა მოახდინა ახალი ამბების მიუკერძოებელ გაშუქებაზე, რაც აფერხებდა ამომრჩევლების უნარს გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი“, - ნათქვამია ანგარიშში.
მათი აზრით, საარჩევნო კამპანიების დაფინანსებაზე კონტროლის ეფექტურობას აფერხებდა ხელმისაწვდომობის შეზღუდული არეალი და საზედამხედველო ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული ეჭვები.
„არჩევნების დღე, როგორც წესი, პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებული ხშირი კომპრომისებით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩევლებზე დაშინებისა და ზეწოლის შესახებ, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მისია მიიჩნევს, რომ მთლიანობაში სამართლებრივი ბაზა უზრუნველყოფს საკმარისს საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. მაგრამ ის საკმაოდ გართულებულია და შეიცავს შეუსაბამობებს.
„ოდირი-სა და ვენეციის კომისიის რამდენიმე გრძელვადიანი რეკომენდაცია დარჩა გაუთვალისწინებელი, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასთან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ყოვლისმომცველ რეგულაციასთან, კამპანიისა და კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობასთან, მედიასთან და საარჩევნო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტურად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს. მაგრამ საზოგადოების აღქმას მისი მიუკერძოებლობის შესახებ ძირი გამოუთხარა ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელმაც მისი წევრების შერჩევასა და წარდგენაზე კონტროლი მმართველ პარტიაზე გადაიტანა.