დარღვევები საპროტესტო აქციებზე: რა ეტაპზეა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება

გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმის გამოძიების ფარგლებში სამედიცინო ექსპერტიზა 164 სავარაუდო დაშავებულს ჩაუტარდება, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28 ნოემბრიდან დაწყებულ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.
სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა აქციაზე დაშავებული 164 პირის მიმართ დაინიშნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა მედიით და საჯარო ინტერნეტ-სივრცეში გასული ჩანაწერები, მიმდინარეობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილზე და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა.
ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 1100 საათს აღემატება.
„მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 36 პირის ტანსაცმელი, რომელზეც დაინიშნა ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა.
„გამოძიება, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და ცალკეული სამართალდამცავების იდენტიფიცირების მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება. 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, თბილისში კი ისინი სისტემატური და მასშტაბური გახდა. პირველ დღეებში პარლამენტთან მასიური არეულობები იყო, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათი მხარდამჭერი დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიებია დაწყებული, ხოლო ხელისუფლება საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის“ მცდელობაზე მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა