თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ადმინისტრაციული წესით დაკავებული საპროტესტო აქციების მონაწილეები დეკემბრის ბოლომდე გათავისუფლდება, განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება. 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
„საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე. შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან განთავისუფლებული. ეს არის განმარტება, რომელიც გენერალურ მდივანს მივეცით ამ საკითხზე. ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთი დაახლოებით 30 პატიმარია“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პროტესტს, აქციები პერმანენტულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, თბილისში კი ისინი სისტემატური და მასშტაბური გახდა. პირველ დღეებში პარლამენტთან მასიური არეულობები იყო, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათი მხარდამჭერი დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიებია დაწყებული, ხოლო ხელისუფლება საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის“ მცდელობაზე მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.