თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში სახელმწიფო ტყეში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
„რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე ახორციელებენ. გამოვლენილი რიგი კანონდარღვევების მონიტორინგს ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებით და დრონების საშუალებითაც ვახორციელებთ, რაც უკანონო სარგებლობის დროულად გამოვლენას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.