თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიმდინარე დიდ პრესკონფერენციაზე.
„პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის. უბრალოდ, მოწინააღმდეგე მხარემ — ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით — უარი თქვა მოლაპარაკებებზე. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ ამისთვის“, — თქვა მან.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგი ყოველთვის არის კომპრომისები, უბრალოდ საჭიროა, რომ „ის მხარე“ მზად იყოს როგორც მოლაპარაკებების, ისე კომპრომისებისთვის.
ვლადიმირ პუტინი 2001 წლიდან თითქმის ყოველწლიურად ატარებს პირდაპირ ხაზებსა (18-ჯერ) და დიდ პრესკონფერენციებს (16-ჯერ). 2020 წელს ამ ორი ფორმატის გაერთიანება გადაწყდა და ვინაიდან ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა, 2023 წლიდან ამ ღონისძიებას ახალი სახელი ეწოდა — „წლის შედეგები ვლადიმირ პუტინთან ერთად“.