თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
„ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმინდა ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეოხება და მეოხება წმინდა იოანე დამასკელის, წმინდა ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდილისა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ, არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა, აღნიშნა ილია მეორემ.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველადაც ითვლება და ეს მას შემდეგ რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა.