დეპუტატი: მასკმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსადმი მიდგომებს შეცვლის

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალურად შეცვლის საგარეო პოლიტიკას ისეთ ქვეყნებთან მიმართებით, როგორიც საქართველოა, ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ამერიკელი ბიზნესმენ ილონ მასკის პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
ილონ მასკმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, სოციალურ ქსელ Х-ზე კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორის, პროფესორ ჯეფრი საქსiის ინტერვიუ გააზიარა. ექსპერტის თქმით, აშშ-მ საქართველოში „რეჟიმის შეცვლის ტიპური მანევრი“ განახორციელა, რომელიც წარმატებით არ დასრულდება. თუმცა, მიზანი, საქსის მოსაზრებით, მდგომარეობდა იმაში, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაცია მომხდარიყო.
„ილონ მასკმა გადააზიარა ცნობილი ექსპერტის ის ინტერვიუ, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმულია აშშ-სა და ბაიდენის ადმინისტრაციის უარყოფით როლზე საქართველოსთან მიმართებით. ეს ნათლად აჩვენებს და ადასტურებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალურად შეცვლის თავის მიდგომებს საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამერიკელმა ექსპერტმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპი, რომელსაც საქსის მტკიცებით არ უყვარს ომი, თანამდებობებიდან გაათავისუფლებს ყველას, ვინც დაინტერესებულია ესკალაციით. აღნიშნულ ინტერვიუს მასკმა ძალზე საინტერესო უწოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".