მძღოლების საყურადღებოდ! გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. უამინდობის გამო საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24-საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40 კილომეტრ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული საავტომობილო გზის 41-106 კილომეტრ მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.