რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა

მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2024 წლის მესამე კვარტალში 2.056,7 ლარი შეადგინა, რაც 10,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2024 წლის ივლის-სექტემბერში ბიზნეს-სექტორში საშუალო ნომინალურმა ანაზღაურებამ 2.190,1 ლარი შეადგინა, რაც 9,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის" მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 14,8%-ით გაიზარდა და 1.813,5 ლარი შეადგინა.
საშუალო ნომინალური ხელფასი ყველაზე მაღალია თბილისში - 2.380,4 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი -რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში (1.069,6 ლარი).
საქმიანობის ტიპის მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2024 წლის მესამე კვარტალში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3.976,9 ლარი (+0,5%);
მშენებლობა – 3.198,2 ლარი (+5,4%);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3.186,6 ლარი (+13,5%);
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3.062,9 ლარი (+17,1).
ამასთან, საქართველოში ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2024 წლის მესამე კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2,451 ლარი შეადგინა (+9,7% წელიწადში), ქალების კი 1.650,6 ლარი (+13,1% წელიწადში). მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.