კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას საქართველოს ეკონომიკაში პრობლემების შექმნა სურს

როდესაც უცხოელი საქართველოში ხედავს ომის იმიტაციას, იკლებს ქვეყანაში ჩამოსვლისა და აქ ინვესტიციების განხორციელების მოტივაცია, განაცხადა კობახიძემ.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. რადიკალურ ოპოზიციას სურს თუნდაც მოკლევადიანი პრობლემები შეუქმნას საქართველოს ეკონომიკას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება. ამის ფონზე ეროვნულმა ვალუტა ლარმა გაუფასურება დაიწყო, ასევე არსებობს საშიშროება, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებასა და ტურიზმზე.
„ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი - შექმნას მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ვერ შეძლეს ხელისუფლების დამხობა, მაგრამ შექმნეს მოკლევადიანი პრობლემები ეკონომიკაში. როდესაც უცხოელი საქართველოში ხედავს ომის იმიტაციას, იკლებს ქვეყანაში ჩამოსვლისა და აქ ინვესტიციების განხორციელების მოტივაცია. თუმცა ეს არის მოკლევადიანი“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განმარტა, იგივე მოხდა ლარის კურსთან მიმართებით, თუმცა, პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებისთანავე ლარის კურსი დასტაბილურდა.
„იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს, რომელსაც ახორციელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. სულ რაღაც ექვს დღეში, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ლარი 4,8%-ით გაუფასურდა. 28 ნოემბერს, აქციების დაწყების დღეს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,7422 GEL/$1 იყო, 4 დეკემბერს კი ლარი 2,8746 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა. მშვიდი ვითარების დადგომასთან ერთად ქართული ვალუტის გამყარება დაიწყო და ლარის კურსი დოლართან მიმართებით 17 დეკემბერს 2,816 GEL/$1 განისაზღვრა. მთლიანობაში 20 დღის განმავლობაში, 28 ნოემბრიდან ლარის კურსი 2,6%-ით დაეცა.
„რეალურად, ამ დღეებში მცირე ჩარევა მოგვიწია. აი ამის თქმა შემიძლია. ეს ისაა, რისი თქმაც შემიძლია. დეტალებს ეროვნული ბანკი გაავრცელებს. ეროვნული ბანკი ახერხებს ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას თუნდაც რაიმე მნიშვნელოვანი ჩარევის გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ძალზე კარგი ეკონომიკური ტენდენციებია. მიმდინარე წლის 10 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 10% შეადგინა. მისი თქმით, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები და ამიტომ მთელი მთავრობა ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაზე, არამედ გაზრდაზე“, - განაცხადა მან.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% შეადგინა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი მშპ-ის რეალურმა ზრდამ 10% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.