თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „ავლაბრის“ განახლებული ზედა ვესტიბიული თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მეტროს სადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ივლისში დაიწყო. სადგურის განახლებისა და შეკეთების პროექტის ღირებულება 4,2 მლნ ლარია. სამუშაოები კომპანია Bada Group-მა განახორციელა. სამუშაოები ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე-სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას.
მეტროს სადგურის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა შესაბამის ვადებში.
„მთლიანად ამორტიზებული იყო შენობა და მოგვიწია გამაგრება. მას შემდეგ, რაც აშენდა მეტროსადგურები, ამ ტიპის და მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა ზედა ვესტიბიული და თქვენც ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, სხვა მეტროსადგურების განახლებაც იგეგმება.
„გვინდა, განვაგრძოთ ამ ტიპის სამუშაოები ყველა მეტროს სადგურში. მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება და მომავალი წლისთვის გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერებს, რომელშიც მონაწილეობას უცხოური კომპანიებიც შეძლებენ. ზოგადად, მას შემდეგ, რაც აშენდა მეტროსადგურები, მას შემდეგ ამ ტიპის და მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა “, - განაცხადა მერმა.
მერიის ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა რვა თვეს, მაგრამ სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შედეგად სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე აუცილებელი გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები სადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე ჩატარდა.
მეტროს სადგური „ავლაბარი“ 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა.