თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. უამინდობის გამო საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24-საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 133-162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) კილომეტრ მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თოვის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 90-100 (დიზი-ლახამულა) და 185-192 (უშგული-ლასდიდი) კილომეტრ მონაკვეთებზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
ამასთან, საავტომობილო გზის 30-89 (ჯვარი-დიზი) და 101-184 (ლახამულა-უშგული) კილომეტრ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 (ფარავანის უღელტეხილი) კილომეტრ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის 110-146 კილომეტრ მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.