თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგოსისტემა ახალი ობიექტით შეივსო - ქვეყნის სახელმწიფო ელექტროსისტემამ ქვესადგური „წყალტუბო 500"-ის მშენებლობა დაასრულა.
სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, პროექტის ღირებულება - 19,8 მილიონი დოლარია. ქვესადგურის ამოქმედებით მნიშვნელოვნად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი და შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქვეყნის ელექტროენერგიის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება.
„წყალტუბოს ახალი ქვესადგური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რითაც საქართველო გახდება სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგურის გახსნაზე.
ქვესადგურის გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნლევან დავითაშვილმა.
„საქართველოს ნამდვილად გააჩნია რესურსები, რომ სწორი პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების თანადგომით არა მხოლოდ შექმნას ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის საჭირო ენერგეტიკული სიმძლავრეები, არამედ გახდეს სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხითაც", - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიციური გეგმა, 2030 წლისთვის არა მხოლოდ გააორმაგოს, არამედ 10 ათას მგვტ-მდე გაზარდოს ქვეყნის დადგმული სიმძლავრე, რაც სრულად უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, ასევე განავითარებს ახალ, ენერგოტევად დარგებს.
„წყალტუბო 500“-ის პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტს ზედამხედველობდა უცხოური კომპანიების ერთობლივი საწარმო Decon International GmbH-ი, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კი თურქულმა კომპანია BEST-მა განახორციელა.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ენერგეტიკის განვითარების ასეთი ტემპი შენარჩუნდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ხელისუფლების გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკისა და, ზოგადად, ჩვენი ერის გონიერების წყალობით და მოგვცემს საშუალებას, რომ გავხდეთ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ენერგეტიკულ სფეროში, ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გარდა ამისა, დავითაშვილის თქმით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უკვე ახორციელებს პროექტს, რომელიც 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გულისხმობს – ის წყალტუბოს და ჯვრის 500 კვ ქვესადგურებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
მისი თქმით, ეს იქნება გადამცემი ინფრასტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების საშუალებას შექმნის როგორც შიდა ენერგეტიკისთვის, ასევე მისი ექსპორტისთვის, მათ შორის, თურქეთის მიმართულებით.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლები იყო.