თბილისი, 16დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებისა" და კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილისთვის 6 დეკემბერს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებით ამჯერად პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს.
ელისაშვილის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.
სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელ ალი ბაბაევზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისთვის 4 დეკემბერს დააკავეს. როგორც ელისაშვილის ყოფილმა თანაპარტიელმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, პოლიციელების მხრიდან პოლიტიკოსის დაკავებისას გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა - მას სახისა და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები.
6 დეკემბერს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პოლიტიკოსს ბრალდება სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით გაასამართლა. მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები დგინდება, რომ პოლიტიკოსი თავდაცვის მიზნით მოგერიების პროცესში იყო.
შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისის ცენტრში მოხდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ელისაშვილი ბაბაევს, მამაკაცები ემოციურად საუბარს იწყებენ, შემდეგ კი ოპოზიციონერი ფიზიკურ ძალას მიმართავს.
ელისაშვილის დაცვის მხარემ მოსამართლეს 3000-ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მან ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. იგი „ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში მე-20 ნომრად იყო წარდგენილი, შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ შევიდა.
აღნიშნულმა კოალიციამ, რომელშიც შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედანი", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 14 მანდატი მოიპოვა.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, აცხადებენ რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს" ლეგიტიმაციას არ მისცემენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.