თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვისხე საზეიმო ღონისძიების გარეშე დღეს, საღამოს აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.
საახალწლო ნაძვისხის ანთების ცერემონია თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე იყო დაგეგმილი - აღნიშნული ტერიტორია საპროტესტო აქციების ეპიცენტრია, სადაც ასობით მონაწილე ყოველ საღამოს იკრიბება.
კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთება მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გადაიდო, რადგანაც დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა მხრიდან სცენის მიმართულებით მძიმე საგნების სროლის ფაქტები.
„რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. რასაკვირველია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი რთული წარმოსადგენი იყო, რომ საკუთარი თანაქალაქელების წინააღმდეგ ასეთ სახალხო ღონისძიებაზეც დაგეგმავდნენ პროვოკაციებს “, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ დაგეგმილი იყო მთელი რიგი პროვოკაციები, რასაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა მძიმე შედეგები.
„ცხადია, ვიმოქმედეთ ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია დაიცვას მოსახლეობა, მათ შორის მომიტინგეები. რადიკალები მთელი დღის განმავლობაში თესავდნენ შიშს მოსახლეობაში, რათა რუსთაველის გამზირზე ბავშვები არ მიეყვანათ, რუსთაველზე ბევშვებთან ერთად მისულ მშობლებს კი ადგილზე, შვილების თანდასწრებით, მძიმე პროვოკაციებს უწყობდნენ“, -განაცხადა კალაძემ.
რუსთაველის გამზირი 28 ნოემბრიდან შეკრების უცვლელი ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი.