თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. უამინდობის გამო საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24-საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 133-162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) კილომეტრ მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თოვის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-184 (ჯვარი-უშგული) კილომეტრ მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამასთან, საავტომობილო გზის 185-192 (უშგული-ლასდილი) კილომეტრ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-124 (ლენტეხი-მელე) კილომეტრ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამასთან, მელე-ლასდილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 1-87 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) კილომერტ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.