ნიკა გვარამიამ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

პოლიტიკოსს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალის" და გაერთიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
გვარამია სამართალდამცავებმა 4 დეკემბერს „გირჩისა“ და „დროას“ პარტიების ოფისთან დააკავეს, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
„თავისუფლებაზე ბევრად სჯობს, მაგრამ სადაც სხვები, იქაც მე. მიტინგზე მეც წავალ დღეს აუცილებლად. როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ პარტია“, - განაცხადა გვარამიამ ჟურნალისტებთან.
4 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. ოპოზიციური პარტიების ოფისებში და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისთვის დაკავებულთა ჩხრეკისას პოლიციამ დიდი ოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები, „მოლოტოვის კოქტეილები“, კომპიუტერები და სხვა ნივთები ამოიღო.
ნიკა გვარამიამ პარტიული ოფისში ჩხრეკისას კატეგორიულად მოითხოვა მისი კოლეგების ოფისში შეშვება, მიუხედავად იმისა რომ საგამოძიებო ღონისძიებები უკვე დაწყებული იყო და ადგილზე იმყოფებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი. სიტყვიერი შელაპარაკება შეურაცხყოფასა და შეტაკებაში გადაიზარდა.
როდესაც ჩხრეკა დაიწყო, პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პოლიციელებს განუცხადა, რომ არის ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას იღებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანის - ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასტიკი მოპყრობა დაფიქსირდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.