ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში მაღალი შეფასება მიიღო

ეროვნული ბანკი აგრძელებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მარეგულირებელი და საზედამხედველო ბაზის გაუმჯობესებას.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიერ ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების მაღალი შეფასება მეტყველებს რეგულატორის ნაყოფიერ მუშაობაზე, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
MONEYVAL-მა დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ვირტუალურ აქტივებთან და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებთან მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, მან აამაღლა საქართველოს რეიტინგი ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის (FATF) რეკომენდაციის განხორციელების კუთხით „ნაწილობრივ შესაბამისობიდან“ „არსებითად შესაბამისობამდე“.
„ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების ზედამხედველობას ახორციელებს, ანუ იმ ორგანიზაციების, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ვირტუალურ/კრიპტო აქტივებთან. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა გაგვეძლიერებინა ჩვენი ზედამხედველობის ჩარჩო სწორედ ფულის გათეთრების მიმართულებით. ეს არის მაღალი აღიარება, აღიარება ჩვენი გუნდის ეფექტური მუშაობის", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, MONEYVAL-ის მიერ შეფასებული ევროსაბჭოს წევრი 27 ქვეყნიდან, მხოლოდ 7 ქვეყანას და უკვე მათ შორის, საქართველოს გააჩნია ასეთი მაღალი შეფასება.
„ვფიქრობ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც მეტ სტიმულს მოგვცემს, რათა ჩვენმა გუნდმა ან მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს“, - განაცხადა თურნავამ.
Moneyval-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად", რაც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას.
ეროვნული ბანკი აგრძელებს რეგულატორული და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ისე ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების ეკოსისტემაში რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება.
გასული წლის სექტემბერში ვირტუალური აქტივების ყველა პროვაიდერი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კონტროლის კუთხით, ქვეყნის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.
ტერორიზმთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით კონტროლის სისტემა მუდმივად იხვეწება. საქართველოში ტერორიზმის დაფინანსება, ისევე როგორც ფულის გათეთრება, საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია.