თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ინციდენტი 2 დეკემბერს თბილისის ცენტრში მოხდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ელისაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელ ალი ბაბაევს, მამაკაცები ემოციურად საუბარს იწყებენ, შემდეგ კი ოპოზიციონერი ფიზიკურ ძალას მიმართავს.
გირაოს სანაცვლოდ პოლიტიკოსის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - ბრალდების მხარემ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შუფარდა.
პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალდება სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარუდგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. იგი „ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში მე-20 ნომრად იყო წარდგენილი, შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ შევიდა.
აღნიშნულმა კოალიციამ, რომელშიც შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედანი", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 14 მანდატი მოიპოვა.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, აცხადებენ რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს" ლეგიტიმაციას არ მისცემენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.