სტარტი ორი საშინაო მატჩით: საქართველოს ნაკრების კალენდარი შესარჩევ ეტაპზე გაირკვა

საქართველოს ნაკრები პირველ ორ მატჩს თურქეთსა და ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე გამართავს, ბოლო ტურში კი ბულგარეთს სტუმრად შეხვდება.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ეროვნული ნაკრების გათამაშების კალენდარი გამოაქვეყნა - ნაკრები პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.
წილისყრის შედეგად, რომელიც 13 დეკემბერს, ციურიხში, FIFA-ს ოფისში გაიმართა, გაირკვა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები იქნებიან თურქეთის, ბულგარეთის, ასევე უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული გუნდი.
საქართველოს ნაკრები პირველ ორ მატჩს თურქეთსა და ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე გამართავს, ბოლო ტურში კი ბულგარეთს სტუმრად შეხვდება. ყველა მატჩი 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
პირველი ტური – 4 სექტემბერი
საქართველო – თურქეთი
ბულგარეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები
მეორე ტური – 7 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი
თურქეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები
მესამე ტური – 11 ოქტომბერი
ბულგარეთი – თურქეთი
ესპანეთი/ნიდერლანდები – საქართველო
მეოთხე ტური – 14 ოქტომბერი
თურქეთი – საქართველო
ესპანეთი/ნიდერლანდები – ბულგარეთი
მეხუთე ტური – 15 ნოემბერი
საქართველო – ესპანეთი/ნიდერლანდები
თურქეთი – ბულგარეთი
მეექვსე ტური – 18 ნოემბერი
ბულგარეთი – საქართველო
ესპანეთი/ნიდერლანდები – თურქეთი.
წილისყრის შედეგებით, დაკომპლექტდა 12 ჯგუფი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, ხოლო მეორე ადგილზე გასულები (12 გუნდი) ითამაშებენ პლეი-ოფში, სადაც მათ შეუერთდება ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ.
შესარჩევი ეტაპის ის ჯგუფები, სადაც ხუთ-ხუთი გუნდი აღმოჩნდა, შესარჩევ ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, აქედან 4 გუნდი - სექტემბერში. საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდება ნოემბერში, პლეი-ოფის მატჩები კი 2026 წლის მარტში გაიმართება.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს, შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯგუფში აუცილებლად პირველ ან მეორე ადგილზე უნდა გავიდეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადიის მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი ქალაქები:
აშშ (11 ქალაქი) - ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას-სიტი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო, სიეტლი;
მექსიკა (სამი ქალაქი) - გვადალახარა, მეხიკო, მონტერეი;
კანადა (ორი ქალაქი) - ტორონტო, ვანკუვერი.
ნიუ-იორკი ჩემპიონატის ფინალს 2026 წლის 19 ივლისს უმასპინძლებს.